„ლარის გაუფასურება ამ ხელისუფლების მოსვლის პირველივე წელს მოხდა“

რომან გოცირიძე - 21.03.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 20 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ რადიო „კომერსანტთან საუბარში შემდეგი განაცხადა: „საგარეო ფაქტორი არსებობდა პირველად, როცა 2013 წელს 600 მილიონიანი გარღვევა ჰქონდათ დღგ-ში? ფაქტობრივად, ლარის გაუფასურება ამ ხელისუფლების მოსვლის პირველივე წელს მოხდა. ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 200 მილიონ დოლარიანი ინტერვენცია განახორციელა და იანვარში 230-ის“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, გადავამოწმოთ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესაბამისობა რეალობასთან.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტში დღგ-ს გეგმა 3 402 მლნ ლარი იყო, ხოლო რეალურად მობილიზებულმა 2 847 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 555 მლნ-ით ნაკლებია.

გოცირიძის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს ადგილი ჰქონდა ლარის გაუფასურებას. 2012 წლის 1 ოქტომბერს და მთელი 2013 წლის 10 თვე, კურსი 1,65-1,66 ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ნოემბრიდან იწყებს ზრდას და დეკემბრის ბოლოსთვის კურსი 1,73-იან ნიშნულს აღწევს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს, 2013 წლის დეკემბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 140 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო 2014 წლის იანვარში 220 მლნ აშშ დოლარი, რაც სებ-ის მიერ ერთჯერადად სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ოპერაციების ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებას 2013 წელს 600 მილიონიანი გარღვევა ჰქონდა დღგ-ში, ლარის გაუფასურება ამ ხელისუფლების მოსვლის პირველივე წელს მოხდა და ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 200 მილიონ დოლარიანი ინტერვენცია განახორციელა და იანვარში 230-ის, არის სიმართლე.