„გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა“

გიორგი კვირიკაშვილი - 01.04.2017

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 31 მარტს იანვარ-თებერვლის ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას შემდეგი განაცხადა: „გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ გაზრდილია თუ არა ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარში, საქართველოს 387 070 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო თებერვალში - 368 010. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, 2016 წლის იანვარში საქართველოში 323 159 საერთაშორისო ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო თებერვალში - 360 402. როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდამ 10.4% შეადგინა.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარში საქართველოდან 176 770 ათასი აშშ დოლარის, ხოლო თებერვალში 178 910 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება 2016 წელს, იანვარში ექსპორტმა 122 161 ათასი აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში 158 749 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ვიზიტორების მსგავსად, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის მოცულობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს აღემატება.

და ბოლოს ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარში სხვა ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ჯამმა 83 931 ათასი აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში 94 114 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში 66 555 ათასი აშშ დოლარის, ხოლო თებერვალში 79 855 ათასი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-თებერვლის ფულადი გზავნილების მოცულობა აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა, არის სიმართლე.