„ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა“

რომან გოცირიძე - 05.04.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 3 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ შემდეგი განაცხადა: „სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა. უნდა დახარჯულიყო 2,767 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად დაიხარჯა 2,465 მილიარდი.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა და 2017 წლის პირველი კვარტლის საბიუჯეტო ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #348 ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა, რომლის თანახმად პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან 2.767 მლნ ლარი უნდა გახარჯულიყო.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველი 3 თვის საბიუჯეტო გადასახდელებმა 2,465 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, გეგმასთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საბიუჯეტო გადასახდელები 302 მლნ-ით ნაკლებია.

გრაფიკი 1

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა, არის სიმართლე.