„ეროვნული ბანკი ნდობის რეიტინგში ბოლოს წინა ადგილზეა“

რომან გოცირიძე - 13.04.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 7 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „IRI-ის ბოლო კვლევაში ეროვნული ბანკი ნდობის რეიტინგში ბოლოს წინა ადგილასაა - 70% არ ენდობა ეროვნულ ბანკს. 10 წლის წინ ეროვნული ბანკი იყო მესამე ადგილას”.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ IRI-ს მიერ 2007 და 2017 წლებში ჩატარებულ კვლევებში რა პოზიციას იკავებს ეროვნული ბანკი ნდობის რეიტინგში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2007 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად (იხ. ცხრილი 1), საქართველოს ეროვნული ბანკი, ნდობის რეიტინგში მართლმადიდებლური ეკლესიის, არმიის, მედიისა და პოლიციის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებდა. ცხრილი 1-ში მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია ნდობის რეიტინგში, IRI-ის მიერ 2007-2017 წლებში ჩატარებულ კვლევების თანახმად.

გრაფიკი 1


ცხრილი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია 2007-2017 წლებში IRI ნდობის რეიტინგში
 
წელი 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
ეროვნული ბანკის პოზიცია ნდობის რეიტინგში 5 8 5 7 9 9 10 13 13 11 16

რაც შეეხება 2017 წლის კვლევას (იხ. გრაფიკი 2), ნდობის რეიტინგში ეროვნული ბანკის პოზიცია გაუარესებულია და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და პროფკავშირებს უსწრებს. ამასთან გამოკითხულთა 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა.

გრაფიკი 2

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადების ის ნაწილი რომელიც ეხება ნდობის რეიტინგში ეროვნული ბანკის ბოლოს წინა პოზიციაზე ყოფნას, 94%-ით შეესაბამება სიმართლეს; 100%-ით სიმართლეა განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია გამოკითხულთა 70%-ის მიერ ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობაზე. რაც შეეხება 2007 წელს ნდობის რეიტინგში ეროვნული ბანკის მესამე პოზიციას, 33%-ით შეესაბამება სიმართლეს.

შესაბამისად, სრულ განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 76%-ს და სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად ძირითადად სიმართლე.