„მშპ შემცირდა 1,5 მილიარდით“

რომან გოცირიძე - 04.07.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 30 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა: „4 წლის წინათ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 15,8 მილიარდი დოლარი. 4 წლის შემდეგ, ამ ხელისუფლების მუშაობის 4 წლის თავზე, ეკონომიკური, ასე ვთქვათ მშპ ჩვენი არის 14,3 მილიარდი. 1,5 მილიარდი დოლარით შემცირდა“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ თუ რამდენი იყო საქართველოს მშპ-ს მოცულობა 2012 და 2016 წელს.

საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საქართველოს მშპ 26,1 მლრდ ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2012-2016 წლების მშპ ლარში ყოველწიურად იზრდებოდა და თუკი 2012 წელს 26,1 მლრდ იყო, 2016 წელს 33,9 მლრდ შეადგინა.

ამის მიუხედავად, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით დოლარში გამოხატული მშპ შემცირდა, რისი მიზეზიც ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებაა. 2012 წელს საქართველოს მშპ-მ 15,8 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2016 წელს კი 14,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 1-ზე ასახულია 2012-2016 წლებში საქართველოს მშპ-ს მოცულობის ცვლილება ლარსა და აშშ დოლარში.

გრაფიკი 1

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „4 წლის წინათ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 15,8 მილიარდი დოლარი, 4 წლის თავზე კი 1,5 მილიარდი დოლარით შემცირდა და 14,3 მილიარდი შეადგინა“ - არის სიმართლე.