„135 სოფელი გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად“

გიორგი კვირიკაშვილი - 24.07.2017

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 9 ივლისს მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით მედიის წინაშე განაცხადა: „135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციის ნაწილი თუ გნებავთ, გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილმა ზემოაღნიშნული განცხადება გააკეთა ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეების მიერ ბანერის განთავსებასთან და ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების უმოქმედობაში დადანაშაულების საპასუხოდ. პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად მიმოვიხილოთ რეგიონში განვითარებული მოვლენები და დამდგარი შედეგები.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება მოახდინა. შექმნილ ვითარებაში მან მოახერხა თავის მიერვე ინიცირებულ კონფლიქტში "მშვიდობისმყოფლის" როლი ეკისრა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად განადგურდა ათობით ქართული სოფელი. ამ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა.

საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდა, რაც გამყარებულია ევროპარლამენტის 2011 წლის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008-2009 წლების და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუციებით, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი ანგარიშით.

ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები, რითაც ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს სამხედრო ძალების უკან, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, დეტალურადაა ჩამოთვლილი 2008 წელს ოკუპაციის შედეგად დაკარგული სოფლები.

დოკუმენტში ნათქვამია: 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოდევნილი იქნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტებიდან და ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული - ქართულ-ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან, ქართველები ძირითადად არიან გამოძევებულნი.

საერთო ჯამში, 2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები აგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ 135 სოფელი დაიკარგა არა მცოცავი ოკუპაციის, არამედ ოკუპაციის შედეგად (2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი) - შეესაბამება სიმართლეს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია, ყოველდღიურად დამატებით ვკარგავთ ტერიტორიებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ხშირია ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავების შემთხვევები. ე.წ. სამხრეთ ოსეთი სრულიად თვითიზოლირებულია გარე სამყაროსგან. ინტენსიურად მიმდინარეობს რუსი სამხედრობის მიერ მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, მათ შორის უშუალოდ მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე.

IDFI მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, მცოცავი ოკუპაციის შედეგად ე.წ. „საზღვარის“ იქით აღმოჩნდა სოფლების დიდი და პატარა ხურვალეთის დასახლებული ნაწილი, გარდა ამისა, 2013 წელს მავთულხლართების გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ გუგუტიანთკარის დასახლებული ნაწილი. მედიის ცნობით, ასევე გაიყო სოფელი ზარდიანთკარი, ღოღეთი. მიტაცებულ ტერიტორიებს შორის აღმოჩნდა სოფლების დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვის და ქვეშის ნაწილები. ჯარიაშენი კი მიმდინარე, 2015 წელს, თითქმის მთლიანად მათვთულხლართებით შემოიღობა და საზღვრის იქით აღმოჩნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა.