„მაჟორიტარობის კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ“

გიორგი კვირიკაშვილი - 04.09.2017

პოლიტიკოსის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 1 სექტემბერს თბილისის საკრებულოში  ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალურად წარდგენისას განაცხადა: „ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, მოგეხსენებათ, რომ ეს ბარიერი ჩვენი აწეულია და ავწიეთ იმიტომ, რომ დეპუტატებს რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა თუ არა 50%-იანი ბარიერის გადალახვა კანდიდატის თბილისის საკრებულოს წევრად ასარჩევად.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენას ეხება, აღნიშნულია, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.

რაც შეეხება 50%-იან ბარიერს, იგი დაწესებულია მერობის-გამგებლობის კანდიდატებისთვის და იგივე საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მერის/გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. აღნიშნული ცვლილება კანონმდებლობაში 2014 წელს შევიდა, თუმცა მსგავსი ბარიერი არ დაწესებულა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რათა დეპუტატები გახდნენ, არის მცდარი.