„ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლის მაჩვენებელს“

რომან გოცირიძე - 05.09.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 21 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან განხორციელებულ ექსპორტის მოცულობასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: „ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის ექვს თვეში ექსპორტმა იმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა იგი კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლების მონაცემებს. მატება არის რუსეთის, თურქეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიმართულებით. რუსეთთან ექსპორტი გაორმაგდა“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ რამდენად შეესაბამება რეალობას განცხადებაში მოყვანილი მონაცემები.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 1 234 181 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მაჩვენებელი აღემატება 2015-2016 წლების მონაცემს, თუმცა ჩამორჩება 2014 წლისას და დაახლოებით 2013 წლის იანვარ-ივნისის ექსპორტის მოცულობის დონეზეა.

გრაფიკი 1

რაც შეეხება ექსპორტის მოულობის ზრდას კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, 2017 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გაიზარდა თურქეთში, ჩინეთსა და რუსეთში. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, 2017 წლის იანვარ-ივნისში, 183 494 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2016 წელს 82 299 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „მიმდინარე წლის ექვს თვეში ექსპორტმა იმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა იგი კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლების მონაცემებს. მატება არის თურქეთისა და ჩინეთის მიმართულებით, ხოლო რუსეთთან ექსპორტი გაორმაგდა“ - არის სიმართლე.