„მომდევნო წლის ბიუჯეტში არ მოიძებნება არცერთი თეთრი პენსიონერებისა და მასწავლებლებისთვის“

რომან გოცირიძე - 07.10.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 2 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა: „2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამ 950 მილიონში არ მოიძებნა არცერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ რამდენად შეესაბამება რეალობას განცხადებაში მოყვანილი მონაცემები.

2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 30 სექტემბერს განსახილველად გადაუგზავნა. კანონპროექტის თანახმად, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 298 000 ლარია. მათ შორის შემოსავლები - 10 მილიარდ 120 მილიონი ლარი. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ეკომომიკის 4.5 % იან ზრდაზეა დაგეგმილი. ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ზე.

მომდევნი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 400 მლნ ლარის საშინაო ვალის აღება იგეგმება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საგარეო ვალის მოცულობა 1 638 მლნ ლარს შეადგენს, მაშინ მომდევნო წელს სახელმწიფო მთლიანი ვალი 2 038 მლნ ლარამდე გაიზრდება.

949 მლნ ლარით იზრდება გადასახდელები, რომელიც 2017 წლის გეგმით 11 415 მლნ-ია, ხოლო მომდევნო წელს 12 364 მლნ ლარს გაუტოლდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტით პენსიის ან პედაგოგების ხელფასების ზრდა არაა გათვალისწინებული.

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ - „2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამით არ ხდება პენსიების ან პედაგოგების ხელფასების ზრდა“ - არის სიმართლე.