„ქვეყნის მთლიანმა ვალმა მშპ-ს მოცულობას გადააჭარბა“

რომან გოცირიძე - 12.10.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 9 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, გაზრდილ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით განაცხადა: „ქვეყნის მთლიანმა ვალმა - როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორების, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას გადააჭარბა და დაახლოებით, 40 მილიარდ ლარზე მეტია“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ რამდენად შეესაბამება რეალობას განცხადებაში მოყვანილი მონაცემები.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 5 002 262 ათასი აშშ დოლარი იყო, რაც 12 005 428 ათასი ლარის შესაბამისია. იმავე პერიოდში საშინაო ვალმა 3 419 000 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის ვალი 244 610 ათასი აშშ დოლარი, ანუ 587 064 ათასი ლარი იყო, კომერციული ბანკების კი 3 427 089 ათასი აშშ დოლარი, ანუ 8 225 013 ათასი ლარი. სხვა სექტორების ვალმა აღნიშნულ პერიოდში 5 226 309 ათას აშშ დოლარს, ანუ 12 543 141 ათას ლარს, ხოლო კომპანიათაშორისმა სესხებმა 2 526 504 ათას აშშ დოლარს, ანუ 6 063 609 ათას ლარს მიაღწია (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

სახელმწიფო და კერძო ვალი 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ათასი ლარი
სახელმწიფო საგარეო ვალი 12 005 428
საშინაო ვალი 3 419 000
ეროვნული ბანკის ვალი 587 064
კომერციული ბანკების ვალი 8 225 013
სხვა სექტორების ვალი 12 543 141
კომპანიათაშორისო ვალი 6 063 609
სულ 42 843 255

მთლიანობაში, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალმა 42 843 255 ათასი ლარი შეადგინა, რაც აღემატება 2016 წლის მშპ-ს მოცულობას (33 921 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთლიანი ვალი მშპ-ს აჭარბებდა, როგორც 2015 ასევე 2016 წელსაც (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ -“ქვეყნის მთლიანმა ვალმა - როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორების, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას გადააჭარბა და დაახლოებით, 40 მილიარდ ლარზე მეტია” - არის სიმართლე.