„რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვქონდა სიღარიბის მუდმივი კლება“

ზურაბ ჭიაბერაშვილი - 10.11.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 2 ნოემბერს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა: „2016 წელს ქვეყანაში სიღარიბე 2015 წელთან შედარებით გაიზარდა. ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვქონდა მუდმივი კლება სიღარიბის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან შემოვიდა საარსებო შემწეობების გაცემა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პენსია იზრდებოდა. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელი პენსია არ იზრდება“.

არგუმენტირებული შეფასება

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2004 წელს მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ ფარდობითი სიღარიბე ქვეყანაში 24.6%-ს შეადგენდა. 2004-2012 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი ხასიათდებოდა როგორც შემცირების, ისე ზრდის ტენდენციით. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება 2013-2016 წლებშიც. ამასთან 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 20.1%-დან 20.6%-მდე გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

გრაფიკზე ასახული ინფორმაციის თანახმად, 2004-2012 წლებში სიღარიბე მუდმივად არ მცირდებოდა, როგორც ეს ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ პენსია არ გაზრდილა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეალურად კი პენსია ბოლოს 2016 წლის 1 ივლისს 20 ლარით, 180 ლარამდე გაიზარდა.

დასკვნა

ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პირველი ნაწილი, სადაც აღნიშნავს, რომ 2016 წელს ქვეყანაში სიღარიბე 2015 წელთან შედარებით გაიზარდა, შეესაბამება სიმართლეს. 2016 წელს 0.5%-ით გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი. მცდარია განცხადების მეორე ნაწილი - “რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვქონდა მუდმივი კლება სიღარიბის”. ვინაიდან, რეალურად, აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა როგორც შემცირების, ასევე ზრდის ტენდნეციას. ასევე მცდარია განცხადების მესამე ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი ბოლო ორი წლის განმავლობაში პენსიის უცვლელად დატოვებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც პენსია ბოლოს 2016 წლის 1 ივლისს გაიზარდა.

შესაბამისად, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ სრულ განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 33%-ს და სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად მცდარი.