„200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება საგადასახადო შემოსავლებში“

გიორგი კაკაურიძე - 13.11.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 9 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის პრლამენტში განხილვისას განაცხადა: „ჩვენ 9 თვის მდგომარეობით, გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული შემოსავლების ნაწილი. შემოსავლების ნაწილში მათ შორის აღსანიშნავია საგადასახადო შემოსავლები, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 95.9%-ია, წლიურ გეგმასთან მიმართებაში კი თითქმის 75%-ი“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კაკაურიძის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მის მიერ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები რეალობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #348 ბრძანებით დამტკიცდა 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების, ფინანსური აქტივების კლებისა და საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა.

ამ დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის 9 თვის დაგეგმილი შემოსავლები განისაზღვრა 6 854 539 500 ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობამ 7 186 235 900 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 104,8%-იან შესრულებას გულისხმობს.

გეგმის თანახმად 9 თვეში 6 426 000 000 ლარის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება უნდა მომხდარიყო, რეალურად კი ბიუჯეტმა 6 637 401 000 ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო და 211 მლნ ლარით გადააჭარბა გეგმას.

რაც შეეხება საბიუჯეტო ხარჯებს, 9 თვის განმავლობაში გაწეულმა ხარჯმა 6 632 908 400 ლარი შეადგინა, ხოლო გეგმით 6 883 869 600 ლარი იყო განსაზრვრული, რაც 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 96,4%-იან, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში 73%-იან შესრულებას გულისხმობს.

დასკვნა

გიორგი კაკაურიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 9 თვის მდგომარეობით გადაჭარბებით არის შესრულებული შემოსავლების ნაწილი, 200 მლნ-ით არის გადაჭარბებული საგადასახადო შემოსავლები, ხოლო საბიუჯეტო ხარჯები 9 თვის გეგმის 95,9%-ს და წლიურის 75%-ს შეადგენს, არის სიმართლე.