„ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეიტინგში საქართველო დაწინაურდა“

დიმიტრი ქუმსიშვილი - 20.11.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 3 ნოემბერს, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა: „სულ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეიტინგში საქართველო დაწინაურდა. საქართველო მე-17 ადგილიდან გადავიდა მე-9 ადგილზე. ეს არის “Doing Business”-ის რეიტინგი“.

არგუმენტირებული შეფასება

დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს პოზიცია “Doing Business”-ის რეიტინგში.

მსოფლიო ბანკის პროექტი, სახელწოდებით ”Doing Business“, ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 190 ქვეყნის შესახებ ბიზნესის კეთების კუთხით.

მსოფლიო ბანკი რეიტინგს ათი სხვადასხვა ინდიკატორით ადგენს და აფასებს იმ რეგულირებებს, რომელიც აძლიერებს ან აფერხებს ბიზნესის საქმიანობას. მათ შორის არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე, ინვესტიციების დაცვა, გადასახადების გადახდა, კრედიტის აღება, ქონების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სხვა. 2017 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო 8 პოზიციით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე პოზიცია დაიკავა. 2016 წლის რეიტინგში ჩვენს ქვეყანას 24-ე, 2015 წელს მე-15-ე, 2014 წელს მე-8-ე, ხოლო 2013 წელს მე-9-ე პოზიცია ეკავა.

რაც შეეხება 2018 წლის რეიტინგს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და მე-9 ადგილს იკავებს, რაც გამოწვეულია ინდექსში გათვალისწინებული იმ კომპონენტების გაუმჯობესებით, როგორიცაა „ბიზნესის დაწყება“, „ელექტროენერგიით მომარაგება“, „ინვესტორთა ინტერესების დაცვა“, „კონტრაქტების შესრულება“, „გადახდისუუნარობის აღმოფხვრა“. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მონაცემები გაუარესდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის“, „საკუთრების უფლების დარეგისტრირების“, „კრედიტის ხელმისაწვდომობისა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის“ კომპონენტებში (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის “Doing Business” რეიტინგში და მასში შემავალ ცალკეულ კომპონენტებში
  საქართველოს პოზიცია 2017 წელს საქართველოს პოზიცია 2018 წელს ცვლილება პოზიციაში
საერთო 16 9 ↑ 7
ბიზნესის დაწყება 8 4 ↑ 4
მშენებლობის ნებართვის გაცემა 8 29 ↓ 21
ელექტროენერგიით მომარაგება 39 30 ↑ 9
საკუთრების უფლების დარეგისტრირება 3 4 ↓ 1
კრედიტის ხელმისაწვდომობა 7 12 ↓ 5
ინვესტორთა ინტერესების დაცვა 7 2 ↑ 5
გადასახადების გადახდა 22 22 -
საერთაშორისო ვაჭრობა 54 62 ↓ 8
კონტრაქტების შესრულება 16 7 ↑ 9
გადახდისუუნარობის აღმოფხვრა 106 57 ↑ 49

დასკვნა

პოლიტიკოს დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-17-დან მე-9 პოზიციაზე გადავიდა, არის სიმართლე.