„2.71 და 3.21 - ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებლები რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა“

სერგი კაპანაძე - 21.11.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 15 ნოემბერს, „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა: „ალბათ ნახეთ ტაბლოებზე გამოქვეყნებული ლარის კურსი. გეტყვით რომ კურსი დოლართან მიმართებაში 2.71 იყო, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.21. ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებლები რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა და თქვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სამწუხაროდ ეს. ასევე დღეს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ როგორი ეკონომიკური ზრდა იყო შარშან, ასევე 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა - 2.4 პროცენტი“.

არგუმენტირებული შეფასება

სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, რამდენად ზუსტია მის მიერ მოყვანილი მონაცემები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 15 ნოემბერს ლარი/აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ს, ხოლო ლარი/ევროსი - 3.14-ს შეადგენდა. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისა და კომერციული ბანკების კურსს, 1 დოლარის ღირებულება 2.71-2.73, ხოლო 1 ევროსი 3.21-3.27 იყო. აღსანიშნავია, რომ ლარი-ევროს გაცვლითმა კურსმა, 15 ნოემბერს მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2001 წლის შემდეგი ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (იხ. გრაფიკი 1).

რაც შეეხება დოლარს, 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის იანვარში, ლარი/დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.76-2.78-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც გულისხმობს იმას, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსი არ არის ამ ორი ვალუტის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

გრაფიკი 1

და ბოლოს, რაც შეეხება 2016 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდებს შორის მართლაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2

დასკვნა

სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადების პირველი ნაწილი, სადაც საუბარია ლარი/აშშ დოლარის კურსის ისტორიულ მაქსიმუმზე, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის იანვარში დაფიქსირებული კურსი (2.76-2.78) აღემატება 2017 წლის 15 ნოემბრის კურსს(2.71). თუმცა სიმართლეა განცხადების მეორე და მესამე ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი საუბრობს ლარი/ევროს გაცვლითი კურსის ისტორიულ მაქსიმუმზე და 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე.

შესაბამისად, სრულ განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 67%-ს და სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად, პოლიტიკოსის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.