„ლარის კურსის ცვლილებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კლებამ“

გიორგი კვირიკაშვილი - 07.05.2015

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას 2015 წლის 7 მაისს განაცხადა:  „ლარის კურსის დოლართან მიმართ უარყოფით ცვლილებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კლებამ. 2014 წლის განმავლობაში ექსპორტი შემცირდა 1,6 პროცენტით. აბსოლუტურ მაჩვენებელში, ეს იყო 47,3 მილიონი დოლარი. 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა 27,7%-ით. აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს არის 192 მილიონი დოლარი.“

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად ვნახოთ 2014 - 2015 წლებში ექსპორტის შემცირების მაჩვენებლები და შევადაროთ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ რიცხვებს.

იმის დასადგენად თუ როგორ შეიცვალა 2014 წელს ექსპორტის მაჩვენებელი, 2014 წლის მონაცემი შევადაროთ 2013 წლისას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოდან  განხორციელებულმა ექსპორტმა შეადგინა 2 908 499 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 2 861 191 ათასი აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, 2014 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 47,3 მილიონით.  

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან განხორციელდა 502 960 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი. 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტმა კი შეადგინა  695 766 ათასი აშშ დოლარი.

მოცემული რიცხვებიდან ჩანს, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ექსპორტი 192 806 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის განმავლობაში ექსპორტი 47,3 მილიონი დოლარით, ხოლო 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით 192 მილიონი დოლარით შემცირდა, არის სიმართლე.