დემურ გიორხელიძე - ინტერვიუ (21/06/2016)

4 ივნისი 2016

რა არის ბოლო პერიოდში ლარის გამყარების მიზეზი და როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წელს ლარის კურსთან დაკავშირებით?

ლარის გამყარებას, ახსნადი და ობიექტური საფუძველი არ აქვს ისევე, როგორც მის საშინელ ტემპში დაცემას. ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ვალუტამ, მაგალითად დოლარმა, ასე აღმა-დაღმა რომ იაროს, ამერიკა კატასტროფის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყანა კი იტანს, რადგან ეკონომიკა მკვდარია და ლარის კურსს, მასზე გავლენა არ აქვს.

ლარის კურსი არის დაქვემდებარებული პარამეტრი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს და ემსახურებოდეს მთავარ მიზანს: ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, საჭიროა მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დაგვანახებდა ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებებს, პროცესს ჩარჩოებში მოაქცევდა და კურსი არ იქნებოდა ისეთ სიტუაციაში, როგორიც ახლაა.

ახლა ხდება ძალიან ტრაგიკული რამ: 2-3 ბანკი ვაჭრობს „ბლუმბერგზე“ და ასრულებს ტრანზაქციებს, რაზეც ეროვნულმა ბანკმა არაფერი იცის. იგი მხოლოდ მოგვიანებით დაითვლის და გამოიყვანს საშუალო არითმეტიკულს. საბაზრო ეკონომიკის ამაზე უფრო დილეტანტური მართვა წარმოუდგენელია: 2-3 ბანკის საქმიანობით კურსის გამოყვანა ქმნის სიტუაციას, რომელიც კომერციულ ბანკებს აძლევს საშუალებას ითამაშონ კურსზე და გამდიდრდნენ.

როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით?

იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ტარდება იმპორტიორებისთვის სასარგებლო პოლიტიკა, ამიტომაც, ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდება. ამ ყველაფერს აქვს ნეგატიური შედეგი და ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა 4%-ს ვერ გადააჭარბებს, რაც 16 მილიარდიანი ქართული ეკონომიკისათვის არაფერია. ამ გზით ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია და შესაბამისად სოციალური პრობლემები ვერ გადაიჭრება.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი გაიზარდა. როგორია თქვენი პროგნოზი მომავალში ნავთობის ფასთან დაკავშირებით და როგორ აისახება ეს ქართულ ეკონომიკაზე?

ნავთობის ფასი, რეკორდული შემცირების შემდეგ, კვლავ იზრდება, რადგან 2008 წლის კრიზისის შედეგები ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული. ცვლილება იყო მოთხოვნაში მაგრამ არა მიწოდებაში, იყო სპეკულაციური თამაშებიც და ფასის დაწევის პოლიტიკური მცდელობაც, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ნავთობის ფასი, ძირითადად, ირიბ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, ისიც მხოლოდ მოხმარების სფეროში, რაც აისახება საწვავის ფასზე. ესეც ხელოვნურია და განპირობებულია იმპორტიორების უპასუხისმგებლო განცხადებებით. როდესაც ნავთობის ფასი იზრდება, ქართველი იმპორტიორები მყისიერად ზრდიან ფასს პროდუქტზე და ხალხს უმალავენ ინფორმაციას, რომ ნავთობის ფასის ზრდა მათ მიერ საყიდელი პროდუქტის ფასზე მხოლოდ 3 თვის მერე მოქმედებს და არა იმავდროულად. დღეს საქართველოში „სუპერი“ ბენზინის ფასი არ შეიძლება იყოს 1.20 ლარზე მეტი.

რას ფიქრობთ რუსეთის უახლოეს მომავალზე? რა მოხდება თუ დასავლეთი მათზე დაკისრებული სანქციების ვადას გააგრძელებს?

რუსეთის მალე ჩამოქცევის და განადგურების სცენარი საეჭვოა, რადგან მდიდარია რესურსებით და ჯერ კიდევ აქვს განვითარების შანსი. მიდის ბრძოლა ევროპისათვის და ყველა სხვა დანარჩენი თემა, ამ ბრძოლას ექვემდებარება. მათ შორის საქართველო, უკრაინა და ისლამური სახელმწიფოს საკითხებიც. რუბლის ინფლაცია, დადებით გავლენას იქონიებს რუსული ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან შიდა წარმოება განვითარდება.

როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წლის უცხოურ ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით?

კლასიკური გაგებით, ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენება ქვეყნის რესურსები: ადამიანური, მატერიალური და ფინანსური. თუ ეს სამივე რესურსი არ არის ჩაბმული პროცესში უცხოური ინვესტიციები, შედეგს ვერ მოიტანს. უბრალოდ მან უნდა შეაჩეროს დევალვაცია. უცხოური ინვესტიციები არ არის ის გზა, რამაც დასავლეთი განავითარა. ქვეყნები ვითარდებიან შიდა პროცესების განვითარების ხარჯზე, მათ შორის განათლება, სამუშაო პირობები. საქართველოში, უცხოური ინვესტიციები სურათს დიდად ვერ შეცვლის, რადგან ადგილობრივი განვითარების ფუნდამენტი, ხელს არ უწყობს ადამიანების საუკეთესო თვისებების განვითარებას. ამ მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ინვესტიციებიდან შედეგები იქნება ნული.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ჩვენი პროდუქციის ხარისხი არ აკმაყოფილებს საექსპორტო მოთხოვნებს და ამიტომ მისი მოცულობა ძალიან ცოტაა, რაც სიტუაციას ვერ ცვლის. 25 წლის მანძილზე ხელისუფლება ვერ გავიდა რეალურ შედეგზე. გარდატეხა მოხდება მხოლოდ ერთადერთი გზით: ინოვაციურ რეჟიმზე გადასვლით და განათლების ინდუსტრიის აშენებით, რომლის მწვერვალიც იქნება მეცნიერება და ტექნოლოგიები. ამის გარეშე ცვლილებები არ იქნება.

როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა?

წლევანდელი ბიუჯეტის შესრულებას, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეიძლება 6 თვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა მოითხოვს სერიოზულ ცვლილებას, აუცილებელია გამჭვირვალობა (სხვა ხარჯები), ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მაკონტროლებელი ორგანოს (აუდიტის სამსახურის) ფუნქციების მაქსიმალურად გამოყენება.

როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წელს საზღვარგარეთიდან განხორციელებულ ტრანსფერებთან დაკავშირებით წინა წლებთან შედარებით?

სამწუხაროდ საქართველოში ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობა აიღეს ქალებმა, რომლებიც საზღვარგარეთ თავისი მძიმე შრომით ეხმარებიან ქართულ ეკონომიკას, რასაც ხელისუფლება იყენებს ვალუტის კურსის დასაბალანსებლად, მაგრამ ეს არ შეცვლის ეკონომიკურ სიტუაციას, იმიტომ რომ მთლიანი შიდა პროდუქტი და ბრუნვაში არსებული ფულის მასა არ ემთხვევა ერთმანეთს - 1/1 ნაცვლად არის 1/0.18.

ვინ ან როგორ უნდა შეცვალოს არსებული სიტუაცია? რა როლს ასრულებს ამ საკითხში განათლება?

უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში განათლებას, ახალი თაობა უნდა იყოს ამბიციური და აგრესიულად შეურიგებელი არსებული სიტუაციის მიმართ. ამისათვის აუცილებელია:

  • ცოდნისკენ მიზანსწრაფულობა და ინტელექტი
  • აგრესია, არსებული მრავალი ნაკლის მქონე გარემოსადმი
  • ბრძოლის ჟინი, შეუგუებლობა.

ცოდნისაკენ სწრაფვა და განათლებული ადამიანები, მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.

2016 წლის არჩევნების წამყვანი თემაა ეკონომიკა, „გირჩის“ წარმომადგენლებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ იციან როგორ განავითარონ ეკონომიკა. როგორია თქვენი აზრი მათ შეხედულებებზე?

გირჩის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან ზერელეა და არ იმუშავებს, რადგან ასეთი სახით, ის არსად მუშაობს. როდესაც ეკონომიკურ პროგრამას ვაყალიბებთ, უნდა გვქონდეს პასუხი ორ მთავარ კითხვაზე: სად არის ეკონომიკა მოცემული მომენტისათვის და როგორია საგადასახადო ტვირთი. ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკის ეფექტურობა და სოციალური სამართლიანობა. გადასახადების შემცირება, თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ საჭიროა მისი ოპტიმიზაცია, რომელიც ეფექტურად ამუშავებს ეკონომიკას და აკმაყოფილებს სოციალურ სამართლიანობასაც.

როგორია ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში?

ტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი კარგად განვითარებული სექტორი და არა ერთადერთი, რადგან თვით საბერძნეთისა და იტალიის მაგალითმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგება.

როგორია თქვენი პროგნოზი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ?

2012 წელს დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სისტემური ცვლილებები და დაენგრია არსებული, მკაცრად ცენტრალიზებული სახელისუფლებო ვერტიკალი, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია, აღმოჩნდა დროებითი, უპერსპექტივო გუნდი და ვერც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა პარტიად... ამიტომ, კიდევ 2-3 საარჩევნო ვადა იქნება საჭირო ინსტიტუციური, დემოკრატიული მმართველობითი სისტემის დასამკვიდრებლად.

ქართული საზოგადოების და შესაბამისად, ამომრჩევლის მთავარი პრობლემაა, რომ იგი შედგება ტოტალიტარიზმის მსხვერპლი ადამიანებისაგან, რომლებსაც ახასიათებთ ბელადომანია და ინფანტილიზმი.

ჯერ ადრეა პროგნოზის გაკეთება არჩევნების შედეგებზე, რადგან დარჩენილი თვეების მანძილზე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ გავა პირველ ადგილზე, საკითხავია, რამდენად მოახერხებს უმრავლესობით შესვლას პარლამენტში. ალბათ 4-5 პარტიას ვიხილავთ პარლამენტში და მიმაჩნია, რომ კოალიციები, სწორედ პარლამენტში უნდა შეიქმნას არჩევნების შემდეგ.